ევროსაბჭოს მიერ 14 წლიანი შუალედით მიღებული 2 რეზოლუცია, კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზია. ოპოზიციამ დღეს ”ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ რეზოლუციის მხადაჭერა მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული ჩანაწერის გარეშეც შეეძლოთ. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებს ამ განცხადებიდან მალევე მოუხდათ იმის მტკიცება, თუ რატომ არ გამოიყენეს მსგავსი პროცედურა ჯერ კიდევ 2008 წელს. ”ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს- დელეგაციის წევრებმა რეზოლუციის ისეთ შინაარსს დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც 2008 წლის საომარ მოქმედებებში დამნაშავეებად ქართველი სამხედროები ცხადდებოდნენ.
ხატია დეკანოიძის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა ჩათვალა, რომ უმრავლესობის წევრებს მათი გამოსვლების გადაფარვა სურდათ და რეაგირებისთვის პარლამენტის თავმჯოდომარეს მიმართეს. ანა ნაცვლიშვილის რეპლიკას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას სიცრუეში დასდო ბრალი და ურჩია ამის გამო უხერხულობა ეგრძნოთ.
წარსულის შეხსენების ფონზე, ოპოზიცია რამდენჯერმე შეეცადა სახელისუფლებო გუნდისთვის პროცედურული რჩევები მიეცა, თუმცა პასუხად მოწოდება მიიღეს რომ ევროსაბჭოს რეგლამენტისთვის თავად გადაეხედათ.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაუსახელა კონკრეტული მაგალითები, რის გამოც ბრალდებული ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გვარი პუტინის მოწინააღმდეგე ვლადიმერ კარამურზას კონტექსტში გაჟღერდა. შესწორებაში, რომლის ინიციატორიც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი იყო ჩაიწერა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და პოლიტპატიმრია. მთლიანად რეზოლუცია კი უკრაინის მხარდამჭერია და კრემლის პოლიტიკა ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.