პარტია "საქართველოსთვის" კახა კალაძეს მოუწოდებს, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები არსებულ კითხვებს. მიხეილ დაუშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა, ასევე თბილისის საკრებულოში შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები და დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი აირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით. შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებისთვის, განახორციელოს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის, ოლიგარქიული მმართველობის და შესაბამისად, სისტემური პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პარტია საქართველოსთვის წევრებს უმრავლესობაში უპასუხეს. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა სპეკულაციური ხასიათისაა.
"არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ან ნებისმიერ სხვა სფეროში, ან მედიცინაში და ადამიანის სიცოცხლე არის მათზე დამოკიდებული. რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დასკვნები არის გასაკეთებელი აქედან,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.