დადგება თუ არა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სისტემური პრობლემები არ ვლინდება და ასეთ პირობებში, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა.
"ამ 5 წლის განმავლობაში კახი კალაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა თბილისის მერიაში ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით - ყველა თვალსაზრისით, როგორც ვიზუალური, ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა სისტემური პრობლემა არ ვლინდება.
ასეთ პირობებში, მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი კალაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით თბილისის მერი მზად არის, რაიმე მცირედი გადაცდომის დადგენის შემთხვევაშიც პასუხისმგებლობისთვის მზად არის, პასუხისმგებლიანად აფასებს.
"დღეს კახამ უკვე მეორედ გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება, რომ თუ მცირედი, ხაზგასმით ვამბობ, მცირედი რაიმე დანაშაული მაინც გამოიკვეთება მის ქმედებაში, ის არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა.
დაკავებულები არიან ადამიანები, გამოძიება გრძელდება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა დეტალი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უყო, რაც ყველაზე მეტად მენიშნა , მან თქვა რომ არც ზედმეტი და არც ნაკლები პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. მან თქვა რომ ერთის მხრივ, ვერავინ გაერიდება პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ - სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების უფლება ყველას აქვს და არცერთი ადამიანი გადამეტებით, ზედმეტი პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს," - განაცხადა მდინარაძემ.