გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი სურვილია ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციის შესრულება. თუმცა, ყურადღებას ამახვილებენ ევროპაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის სურვილია, ისეთი აპრობირებული წესები და რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებში ჯდება და რომელიც არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება.
"ჩვენ მოვისმინეთ ბევრი პოლიტიკური სიცრუე ოპონენტების მხრიდან, რომ თურმე ჩვენ ვაჟღერებდით ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ნიჰილიზმს აღვივებდა, რაც არის სრული აბსურდი და სიცრუე. თითქოს ჩვენ მიგვითითებდნენ კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, ქართული ოცნების ინიციატივით ჩაწერილ მუხლზე მიგვითითებდნენ ჩვენ. კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ ხელისუფლებამ და ყველა შესაბამისმა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ისეთი აპრობირებული წესები და რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებში ჯდება და რომელიც არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი. ის ამბობს, რომ ასეთი წესი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.
"გენერალური პროკურორის არჩევის მსგავსი პრეცედენტი განვითარებულ დემოკრატიებში არ არსებობს. ევროკავშირმა ჩათვალა, რომ არჩევის ასეთი წესი მიგვიყვანს გარკვეულ კონსესუსამდე ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე და ამავე დროს, დეპოლარიზაციის თემასაც მოემსახურება. ეს იყო აზრი შემოთავაზებისა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან ეს არის მნიშვნელოვნად დაცილებული ასეთი არჩევის წესი, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატურის არჩევა დამოკიდებული იყოს უმცირესობის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენი არჩევანი გაკეთდა დადებითი ხმის მიცემის სასარგებლოდ,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.