აკმაყოფილებს თუ არა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი, რომელმაც 126 ხმა მიიღო, საერთაშორისო პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების უმეტესობამ წესს მხარი დაუჭირა, დღეს კრიტიკა ისმის, როგორც ოპოზიციის ასევე უმრავლესობის მხრიდან.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით მათაც შეუძლიათ საუბარი, მაგრამ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პირობაა. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ასეთი წესი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი იდეალური არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი იდეალური არ არის, იმას მაინც ჯობია, რაც ახლა არის. ყველა ცვლილებას, რასაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, 12 პუნქტთან დაკავშირებით დავუჭერთ მხარს,"- აცხადებს გოცირიძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ მართული პროკურორის დატოვება არის დაუშვებელი.
"ჩვენ გვახსოვს მიშელის შეთავაზებიდან გასული "ქართული ოცნება". ისევ ფორმალისტურად თუ მიუდგებიან და დატოვებენ ივანიშვილის მიერ მართულ პროკურორს, ევროკავშირის კარი ჩვენთვის ჩაკეტილი დარჩება,"- აცხადებს სამადაშვილი.