თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ ელოდება, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მერიის პასუხისმგებლობა კიდევ გაიზრდება. ეს განცხადება ხმალაძემ "ღამის კურიერში" ეთერში გააკეთა.
როგორც ვიცე - მერმა განმარტა, მერია არის დამგეგმავი, დამკვეთი და დამფინანსებელი ორგანიზაცია. აღნიშნულ საქმეზე კი უკვე დაკავებულია ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო, თუმცა ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებელთა პირთა წრე გაზარდოს.
"გამოძიება რას გამოარკვევს კიდევ და რა დადგინდება, არავინ არ ვიცით, შეუძლებელია რამის გამორიცხვა. პირადად მე, ირაკლი ხმალაძე არა როგორც ვიცე-მერი და თბილისის მერიის წარმომადგენელი მივიჩნევ, რომ მერიის ფარგლებში ეს პასუხისმგებლობა აღარ უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ ეს ბოლო უკანასკნელი დღეები მთლიანად დავხარჯე იმაში, რომ ეს საქმე მთლიანად შემესწავლა. მე მგონია, რომ არც რჩება კითხვები მერიის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, მერია არის დამგეგმავი, დამკვეთი და დამფინანსებელი ორგანიზაცია. არცერთ მერიის თანამშრომელს კვალიფიკაციაც კი არ გააჩნია, რომ რაიმე ხელით კონტაქტი მოახდინოს რომელიმე საჯარო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ოფისიდან მუშაობს," - აღნიშნა ხმალაძემ.