გენერალური პროკურორის არჩევის წესზე პოლიტიკურ სპექტრში განხილვა გრძელდება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის საგანია.
პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტში ფასილიტატორების ინიციატივით მოხვდა.
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ "მოქალაქეები". პარტიის ლიდერი ალეკო ელიაშვილი "ნაციონალური მოძრაობასა" და "ქართული ოცნებას" შორის გარიგებაზე საუბრობს.
"ინიციატივა ვისი იყო არ ვიცი, მაგრამ ეს არის გარიგება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. კითხვები დაუსვით "ნაციონალურ მოძრაობას". გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ სამართლებრივად ასეთი გაუმართავი კანონი არ არსებობს, რატომ დაუჭირეს მხარი?! სად წერია მიშელის დოკუმენტში?! - ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით ამ მუხლის, იმიტომ რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესი გაცილებით უკუღმართი გახდა, ვიდრე იყო მანამდე. შარლ მიშელის დოკუმენტში "ქართული ოცნება" არაფერს მხარს არ უჭერს და ამაზე ორივე[ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება] რომ ამბობს არის არსებული მდგომარეობის გაუარესება და ანტისამართლებრივი აქტი, რატომ გადაფიჩინდნენ ამაზე?! რაღაცაზე არიან გარიგებულები დარწმუნებული ვარ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის საპასუხოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულ კანონზე ხელმოწერა არსებობს, ხელისუფლება იძულებულია კანონპროექტი მიიღოს. რომან გოცირიძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყო ინიციატივის ავტორი.
ცნობისთვის, პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულია მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია. მათივე განცხადებით, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.
ცნობისთვის, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.