15 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ილია დარჩიაშვილმა დეპუტატებს საგარეო უწყების მუშაობის შედეგები გააცნო - როგორ აფასებენ სამინისტროს მუშაობას ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებით გამოდის. ილია დარჩიაშვილმა დეპუტატებს საგარეო უწყების მუშაობის შედეგები გააცნო. ანგარიშში მთავარი აქცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე კეთდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოხსენებაში  ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებში დაფიქსირებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა:

"განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე ჩანს. ამ კუთხით, მინდა, რამდენიმე მაგალითი გამოვყო - 6 სექტემბერს საქართველოს ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში ჩაიწერა, რომ საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი არის ევროკავშირში. ანალოგიური გზავნილი გააჟღერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში და აღნიშნა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც მოლდოვას,  უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი არ არს სრულყოფილი და რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

გერმანიის კანცლერმა ბატონმა შოლცმა ბერლინში პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და რომ ევროპის ხალხის ხმა მთელს ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მოხსენების გარდა რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.

მანამდე დეპუტატების მხრიდან გაკეთდა განცხადებებიც. "ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაფერს აკეთებს, ამ ფონზე კი ოპოზიციის მხრიდან ევროპული პერსპექტივის დაკნინების მცდელობას აქვს ადგილი.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანმა სალომე სამადაშვილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან მოითხოვა კონკრეტული პასუხი, თუ რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან და ასევე, პასუხი იმაზე, არის თუ არა პუტინის ხელისუფლება ტერორისტული რეჟიმი და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე დაინტერესდა იმით, თუ კონკრეტულად ვისგან ხდება ომთან დაკავშირებით მოწოდებების გაკეთება საქართველოს მისამართით.

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკამდე იმ ათასობით ოჯახს გაესაუბროს, რომლებზეც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ქმედებებმა მძიმედ იმოქმედა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ მთავრობის წევრები უკრაინაში არ ჩადიან და ამ დრომდე მხოლოდ  პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩასული.

რომან გოცირიძის განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ძალით გაუშვეს, უპასუხა შალვა პაპუაშვილმა, მისი თქმით, იძულებაზე საუბარი ტყუილია და საპარლამენტო დელეგაციაში, სწორედ ნაციონალური მოძრაობა არ იღებდა მონაწილეობას.

ელჩების საკითხს შეეხო "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით აფასებს საგარეო უწყება ელჩების მუშაობას.

დღის ამბები