"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტში ფასილიტატორების ინიციატივით მოხვდა.
"გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული პირობა მოცემული იყო იმ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკებებში წარმოადგინეს ფასილიტატორებმა. ჩვენი მოთხოვნა როდესაც გავეცანით ამ პირობებს იყო ის რომ შეგეტანა დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმები, მაგრამ ასეთი რეგულაცია ქმნიდა იმის ალბათობას, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვერ აერჩია და დაემტკიცებინა საქართველოს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდებოდნენ," - განაცხადა თალაკვაძემ.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ფასილიტატორებს დამოუკიდებლად არ მოსვლიათ აღნიშნული ინიციატივა, მისი ინფორმაციით, ოპოზიცია იყო ამის ინიციატორი. მას შემდეგ კი, როდესაც ინიციატივა რეკომენდაციებში მოხდა და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ოპოზიციას აღარ სურს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
ცნობისთვის, პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულია მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია. მათივე განცხადებით, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.
ცნობისთვის, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.