ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისთვის უკრაინის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები მოყვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პუტინის ყველა მოკავშირე, იქნება ეს ქვეყნის მმართველი თუ სხვადსხვა ბიზნესმენი, მსოფლიოს მასშტაბით დასავლეთის სანქციების ქვეშ ექცევა:
"რაც არ უნდა თქვან ივანიშვილის ოჯახის წევრებმა, რომ ისინი არ არიან პუტინის მოკავშირეები, ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებენ. ამიტომ, პუტინის ყველა მოკავშირე, იქნება ეს ქვეყნის მმართველი თუ სხვადსხვა ბიზნესმენი, მსოფლიოს მასშტაბით ექცევა დასავლეთის სანქციების ქვეშ. დადგა ის დღეც, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება," - აცხადებს ნიკა მელია.
სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, დასანქცირების ფაქტმა ცხადყო, რომ დასავლეთის მიერ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
"ახლა უკვე, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური დეკრეტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები, მისი უახლოესი გარემოცვა მოიაზრება იმ პირებში, ვისი სანქცირებაც უნდა მოხდეს დასავლეთის მიერ, ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, როგორც პრეზიდენტი ზელენსკის, ასევე მომავალში გადაიდგმება დასავლეთის მხრიდან," - აღნიშნავს "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
უკრაინამ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს - ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სიაში სულ 256 პირია შესული.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.