ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისთვის უკრაინის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
"ქართული ოცნების" წევრებისთვის ერთი მხრივ მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ, რადგან მაგალითად, როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, ეს შანტაჟია სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში მეორე ფრონტის შესახებ უკრაინის მოწოდება არ შესრულდა.
"ეს მარაზმი, რასაც ხელი მოაწერა ზელენსკიმ, მე პირადად ველოდი. ეს იყო მხარე, მით უმეტეს ეს რაღაც სია დაუსაბუთებელი არგუმენტების გარეშე, შექმნილია უკრაინის საბჭოს მხრიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის დანილოვი. ეს ის დანილოვია, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა მეორე ფრონტი გაგვეხსნა და ცოტა შევხიდებოდით ბავშვების და ქალების დახოცვაში. თუმცა როცა უარი მიიღო, ამით გვაშანტაჟებს ვითომ. ივანიშვილის ოჯახს მიადგნენ ახლა და დააშანტაჟეს, რადგან ივანიშვილმა არ მისცა მათ უფლება მეორე ფრონტი გაეხსნათ? ეს არის რეალობა და სიმართლე?" - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ არავინ იცის თუ რა გახდა რეალურად დასანქცირების მიზეზი და ამის კონკრეტული არგუმენტებიც კი არ არსებობს:
"იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც გამოდიოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და აცხადებდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, ნამდვილად არ არის გასაკვირი და არც თანმიმდევრულობაში ირევა რაიმე ჯაჭვი, ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რაკი ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი - ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის იმის შესახებ, რა გახდა დასანქცირების მიზეზი? რაიმე კონკრეტული არგუმენტი, კონკრეტული დასაბუთება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, იმ სახელმწიფოსთვის შეიძლება ასე ჩანდეს, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს, ეს შეიძლება ასეც ტრიალებდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრისა და ასევე რადენიმე ქართველი ბიზნესმენის უკრაინის მხრიდან სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, კელი დეგნანისთვის დასმულ შეკითხვაზე, ელჩმა განაცხადა რომ ამ კითხვებზე პასუხები უკრაინამ უნდა გასცეს.
"ვფიქრობ, ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობასა და პეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც ჩვენ ვინმესთან მიმართებით სანქციებს ვაწესებთ - ეს ხდება საჯაროდ და ქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე, მაგრამ ჩვენ არ ვაცხადებთ მათ შესახებ წინასწარ,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს - ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სიაში სულ 256 პირია შესული.