15 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
​რა პოლიტიკური ინტერესი დგას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებულთა სიაში შეყვანის მიღმა - უკრაინის გადაწყვეტილებას საქართველოში აფასებენ

ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა და ტიტე მამაცაშვილები - ამ შემადგენლობით შეადგინა უკრაინამ სია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი სანქცირებულთა ჩამონათვალში შეიყვანა. სიაში ასევე მოხვდა 3 ქართველი ბიზნესმენი - დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. განკარგულებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა და ის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ასევე უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას და ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას.

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილი უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია.

ოფიციალურმა თბილისმა კიევში მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ გზავნილად აღიქვა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქციების სიაში შეყვანის მიღმა სულ სხვა პოლიტიკური ინტერესი დგას.

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულების შესრულებაზე კონტროლი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს დაეკისრა. ალექსეი დანილოვი ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც საქართველოს მხრიდან ომში ჩართვაზე ღია განცხადებებს აკეთებდნენ.

უკრაინის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ ხელისუფლების ოპონენტებს. მათ თქმით, ეს არის გზავნილი, რომ სანქციების ნაწილში საკუთარი ბერკეტები კიევის შემდეგ დასავლეთმაც აამოქმედოს.

აბსურდულს და დაუსაბუთებელს უწოდებს სახელისუფლებო გუნდი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კიევის პოზიციას მთავარი - მტკიცებულებები და ის მიზეზები აკლია, რის გამოც კონკრეტული პირები სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ. მმართველი გუნდი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სანქცირებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ რუსეთმა და უკრაინამ შეიყვანა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულების შემდეგ კვლავ გააქტიურდა კითხვა - აპირებს თუ არა შტატები შეუერთდეს უკრაინის გადაწყვეტილებას და აამოქმედოს სანქციების ბერკეტი. საქართველოში ამერიკის ელჩის გაცხადებით, ასეთი გადაწყვეტილებები შტატების მხრიდან საჯაროდ ქვეყნდება და ამის წინასწარ განხილვა არ ხდება.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით სულ სანქციები 3 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქცირებულთა შორის არიან პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.

დღის ამბები