პარლამენტში საკომიტეტო განხილვები იწყება, სადაც დეპუტატები ომბუდსმენობის ყველა კანდიდატის ხედვას ინდივიდუალურად მოისმენენ, ამ მოსმენების შემდეგ კი პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და დეკემბრის დასაწყისამდე ახალ ომბუდსმენს დანიშნავს. სულ 19 კანდიდატია, "მოქალაქეებმა" ყველას, ვისაც, სახალხო დამცველის თანამდებობაზე განაცხადი საკანონმდებლო ორგანოში ჰქონდა შეტანილი, შანსი მისცა.
19-ვე კანდიდატი პარლამენტისთვის უკვე წარდგენილია, თუმცა, საკუთარი კანდიდატების დასახელებას პოლიტიკურ სუბიექტთა ნაწილი მაინც აპირებს. ოპოზიციის ეს ჯგუფი მხარს იმ პირებს უჭერს, რომლებსაც მესამე სექტორის რეკომენდაცია აქვთ. ახლა ხელისუფლების ოპონენტებს სურთ, რომ საბოლოო კანდიდატზე მმართველ პარტიასთან კონსენსუსი შედგეს, თუმცა, ამის მოლოდინი ნაკლებად აქვთ.
სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ამ რაოდენობის ხმები კი საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია, შესაბამისად საერთო კანდიდატზე შეთანხმება ოპოზიციასთან, მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვისაც. სახელისუფლებო გუნდს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ვის დაუჭერს მხარს.
იქამდე, სანამ საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატების მოსმენა დაიწყება და დეპუტატებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, მმართველი პარტია პროცესის გარშემო არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ კენჭისყრის დღეს საკითხი ჩააგდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომბუდსმენის მოვალეობას დროებით მისი პირველი მოადგილე შეასრულებს. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ნინო ლომჯარიას საკუთარ თანამდებობაზე გიორგი ბურჯანაძის დატოვება სურს, თუმცა, მანამდე ის პირველ მოადგილედ უნდა დანიშნოს. ბურჯანაძე სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატია, მას მხარს მესამე სექტორი და ოპოზიციის ერთი ნაწილი უჭერს. თავად ბურჯანაძე ამ ინფორმაციას უარყოფს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მცდელობების მიუხედავად, ისინი ოპონენტებს პროცესის ჩაგდების საშუალებას არ მისცემენ. დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპი აქამდე, ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 8 დეკემბერს ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი ომბუდსმენის დამტკიცება.