მორიგი პროვოკაცია უკრაინიდან - ასე აფასებენ მმართველ გუნდში უკრაინის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი დასტურია რომ უკრაინას პირდაპირ სურს საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის შანტაჟის მექანიზმს იყენებენ.
"ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მეგობარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მისამართით. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უწესებს სანქციებს. უკრაინაში ვინც არ უნდა მოინდომოს, დედამიწის ზურგზე ვინც არ უნდა მოინდომოს, საქართველო მეორე ფრონტს არ გახსნის, ომში არ ჩაერთვება და ამისთვის ბოდიშსაც არავის არ მოუხდის, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ვავლენთ მაქსიმალურ მხარდაჭერას, როგორ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე საერთაშორისო მასშტაბით, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას და ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმული მინიშნებები ან ღია ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.
უკრაინამ ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს და ტიტე მამაცაშვილს სანქციები გუშინ დაუწესა. განკარგულება ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სიაში სულ 256 პირია შესული.