უკრაინის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს, "ქართულ ოცნებაში" პროვოკაციის მორიგ მცდელობად აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი დასტურია, რომ უკრაინას პირდაპირ სურს საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის შანტაჟის მექანიზმს იყენებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოსა და სამწუხაროს უწოდებს:
"ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთი დიდი საერთო სცენარის ნაწილი. სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის ხელისუფლება. ეს არის სრულად უპასუხისმგებლო, მეორეს მხრივ სამწუხაროა ისიც, რომ ერთადერთი რუსეთის ფედერაცია და მერე უკვე უკრაინა უწესებს საქართველოს მოქალაქეებს სანქციებს, თუმცა ჩვენთვის მეგობრობა უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენს პროვოცირებას ხელისუფლებისა და ვერანაირი დაპირისპირებისა საქართველოში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უკრაინამ ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს და ტიტე მამაცაშვილს სანქციები გუშინ დაუწესა. განკარგულება ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სიაში სულ 256 პირია შესული.