15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების ვადა დღეს იწურება - ვინ გახდება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის რჩეული 

დღეს, ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა ოფიციალურად იწურება.

"მოქალაქეებმა" სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღებას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გეგმავენ.

ალეკო ელისაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კენჭისყრის პროცესი უფრო მეტად ღია და გაუმჭვირვალე გახდა. ამასთან, ის ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ არის წარდგენილ პირებს შორის "ქართული ოცნების" ე.წ მითიური კანდიდატი.

მისი თქმით, ის არ აპირებს მმართველი გუნდის რჩეულის მხარდაჭერას.

"ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის შერჩევა სწორედ ადამიანის უფლებადაცვითი სექტორის წიაღიდან უნდა მოხდეს, მთავარი აქცენტი კი კვალიფიკაციასა და საკმარის ბრძოლისუნარიანობაზე უნდა გაკეთდეს.

"მოქალაქეების" მსგავსად, პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ გახარიას გუნდშიც. ისინიც საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებს ელოდებიან. ანა ბუჩუკურის თქმით, წარდგენილთა შორის არიან ძლიერი კანდიდატები.

ოპოზიციის მეორე ნაწილი საკუთარ სამ ფავორიტს რამდენიმე საათში დაასახელებს. ცნობილია მათი ვინაობა - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. სწორედ ეს კანდიდატები არიან არასამთავრობო სექტორის რჩეულებიც.  

ვის დაუჭერს მხარს მმართველი პარტია - საბოლოო პოზიცია არც "ქართულ ოცნებას" აქვს ჩამოყალიბებული. ისინიც ამბობენ, რომ ჯერ უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენები, განხილვები და სწორედ ამის შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მთავარი კრიტერიუმები კი მათი თქმით, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და აპოლიტიკურობა იქნება. ამასთან  "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმისდა მიუხედავად რომ პროცესი გამჭვირვალეა, მაინც არსებობს გარკვეული რისკები და საფრთხეები.

""ქართული ოცნებისთვის" უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რომ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან, იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგზე, შესაბამისად თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება და ასეთი კანდიდატები დააფიქსირებენ პოზიციას, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ ამ პროცესში  არის ხელის შეშლის მცდელობა, რომ არ იქნეს არჩეული ომბუდსმენი  და შესაბამისად იქნეს გარკვეულწილად შენარჩუნებული იგივე ოფისი რაც ახლა არის, მოვალეობის შემსრულებლის სახით,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. სახალხო დამცველის არჩევას, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები