მმართველი გუნდის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება დასტურია იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა სურს და ამისთვის შანტაჟის მექანიზმს იყენებს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია,
"ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება ან საქართველოში ცალკეული პირები, რომ საქართველოში დატრიალდეს მსგავსი უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინაში. ეს არ არის საქართველოს ინტერესში და მინდა, უკრაინელი ხალხის გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ დაეხმარება უკრაინელი ხალხის ყოფას. უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება. უკრაინას ფეხზე მდგომი საქართველო სჭირდება, რომელიც რეალურად მეგობარი სახელმწიფოა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების საფუძვლის გარეშე დაწესებაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და უკრაინის ხელისუფლების ქმედებას რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს ადარებს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, წარმოუდგენელია, რომ საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის გარდა სხვა მიზანი ამოძრავებდეს და ამ ფონზე ასევე წარმოუდგენელია ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უსაფუძვლოდ დასანქცირებას უკავშირდება.