ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია აცხადებს, რომ არესტოვიჩის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მისი პერსონალური ხედვა და არა ქვეყნის პოზიცია, თუმცა მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ ასეთი მიდგომა არასწორია.
"მე არ დავარქმევდი ომის მუქარას, თუმცა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას. მისი მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, დასავლური ინტეგრაციით და ეკონომიური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. მე ვერ გავშლი მის მოსაზრებებს, მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას თქმით კი, არესტოვიჩის განცხადებების სამხედრო მუქარად მიჩნევა, არასერიოზულია. იაგო ხვიჩიასთვის გასაგებია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ცდილობდეს სხვა ქვეყანა დაარწმუნოს, რომ ომში დაეხმაროს და მსგავსი ტიპის სურვილი გასაკვირი არაა.
რაც შეეხება "ლელოს", გრიგოლ გეგელია არესტოვიჩის განცხადებებს მუქარად არ აღიქვას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა.