15 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ქართველებო, კარგად ვიცოდეთ "სლავა უკრაინა" მებრძოლებისთვის რა არის და არესტოვიჩისთვის რა არის - ირაკლი ქადაგიშვილი

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და მის სიტყვებს შემაშფოთებელს და კატასტროფულს უწოდებენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, არესტოვიჩის სიტყვები პირდაპირი მუქარაა.

"მისი ლოგიკა ასეთი არის - ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვება დიპლომატები და მათ მერე მოჰყვებიან ინვესტორები, ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ. როგორც ადრე იყო, ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მერე მოჰყვებოდა რუსული დიპლომატია და მერე მოჰყვებოდა რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩია, მთელ უკრაინაზე არ ვლაპარაკობ, არესტოვიჩეულ უკრაინაზე ვლაპარაკობ, მათი გეგმა ეს არის, ამიტომ ქართველებო, კარგად ვიცოდეთ: "სლავა უკრაინა" მებრძოლებისთვის რა არის და არესტოვიჩისთვის რა არის," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

"არესტოვიჩის განცხადება მე ვიტყოდი, რომ არის შემაშფოთებელი და კატასტროფული განცხადება. ეს არის პირდაპირი მუქარა ჩვენი ქვეყნის მისამართით და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული განცხადება, რაც ბუნებრივია ატარებს კონფრონტაციულ ხასიათს. არესტოვიჩი არ საუბრობს მარტო საქართველოზე, საუბრობს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებზე, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ გასული არის საღი აზროვნების ჩარჩოებიდან და საქმე გვაქვს სრულ ისტერიასთან და შიზოფრენიასთან. მე ასე შემიძლია ეს დავახასიათო, სხვა ახსნას და დეფინიციას ამას ვერ მოვუძებნი.

არესტოვიჩმა კი არა, ვინც რა განცხადებები არ უნდა გააკეთოს, საქართველო თავისი უსაფრთხოების დღის წესრიგიდან გადახვევას არ აპირებს და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით განსაზღვრული პრიორიტეტები ნამდვილად არ შეიცვლება, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ ძალიან კარგად," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა.

დღის ამბები