გაითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის ინიციატივას სანქციების მეცხრე პაკეტის მიღებაზე რუსეთის წინააღმდეგ, აქვს თუ არა პერსპექტივა სპეციალურ ტრიბუნალს, რომელმაც სამხედრო დანაშაულების გამო, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უნდა გაასამართლოს. სწორედ ამაზე მსჯელობენ დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ონლაინ მიმართა ლიდერებს, რომელმაც აქცენტი გააკეთა ირანის მიერ რუსეთის დახმარებაზე, დრონების საკითხზე და ივარაუდა, რომ რუსეთი დაბომბვებით ლტოვილების მორიგ კრიზისს ქმნის.
შეხვედრის დაწყებამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არსებობს 300 მილიარდი ევროს გაყინული აქტივები და ახლა უნდა განიხილოს, თუ როგორ უნდა იქნას ის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებული. კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულები შეიძლება გამოძიებულ იქნას ცალკე ტრიბუნალის მიერ.
"ჩვენ გვაქვს 300 მილიარდის გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის უკრაინის სასარგებლოდ. მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ სამართლებრივი პასუხის საკითხები აგრესიის დანაშაულებებზე, რომლებიც ჩადენილია. როგორ უნდა შევქმნათ ცალკე ტრიბუნალი მათ გასასამართლებლად, რადგან ომის დანაშაულებს იძიებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და უკრაინა, მაგრამ აგრესიის დანაშაულები შეიძლება გამოძიებულ იქნას ცალკე ტრიბუნალის მიერ. ევროკავშირი შეიძლება იყოს ლიდერი ამ მიმართულებით,“ - აცხადებს კაია კალასი.
უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს ლატვიის პრემიერ-მინისტრი არტურს კრიშიანის კარინში. მისი თქმით, უნდა დაიწყოს მუშაობა ტრიბუნალის შექმნაზე, სადაც გაირკვევა თუ როგორ უნდა დაეკისროს რუსეთს ლეგალური პასუხისმგებლობა იმ სისასტიკისთვის, რომელსაც ის უკრაინაში ჩადის.
"ჩვენ ევროპაში უნდა ვიყოთ ერთიანი უკრაინის მხარდასაჭერად, არა მხოლოდ რუსეთის დაგმობით, არამედ დავიწყოთ მუშაობა ტრიბუნალზე, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა დაეკისროს რუსეთს ლეგალური პასუხისმგებლობა იმ სისასტიკისთვის, რომელსაც ის დღეს უკრაინაში ჩადის. და რა თქმა უნდა, ამის გარდა, ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, განსაკუთრებით თავდაცვითი იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რომლებიც მათ ახლა ძალიან სჭირდებათ," - ამბობს არტურს კრიშიანის კარინში.
რაც შეეხება ირანის მიერ რუსეთის დახმარებაზე, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კრო ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა, უკრაინის მიმართ, შენარჩუნებული იყოს ბრძოლის ველზეც. უკრაინა გარკვეულ წარმატებებს აღწევს. თუმცა მარტივი არ არის. ვფიქრობ, რომ სანქციების ამჟამინდელი პაკეტი რუსეთზე გავლენას ახდენს და ეს კარგია. შემდეგი ელემენტი ენერგიაა. რაც უფრო ნაკლებ ნავთობს და გაზს ვყიდულობთ რუსეთიდან, მით ნაკლებად აფინანსებენ თავიანთ ომს.
რაც უფრო სწრაფად ვეტყვით უარს რუსეთის გაზსა და ნავთობს, მით უფრო მეტად აჩქარდება მათი ომის დაფინანსების შეჩერება. რაც შეეხება ირანის როლს, რომელსაც უკრაინის ომში თამაშობს, ნათელია, ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა ქვეყნებმა, უნდა ვიმოქმედოთ,“ - აცხადებს ალექსანდრ დე კრო.