20 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
ნელი დოროყაშვილი ფინალურ სასამართლო სხდომას არ დაესწრება - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან

რა მოლოდინი აქვთ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნელი დოროყაშვილის ადვოკატებს ფინალური სასამართლო სხდომის დაწყებამდე - ჩოგბურთელის ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. მათი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობრივი ქმედების ფაქტს დაადასტურებს.

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის გამამართლებელი განაჩენის, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან დაადასტურებს ძალადობრივი ქმედების განხორიციელების ფაქტს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეზე იკვეთება დაზარალებულად ცნობილი პირის მუქარის, შანტაჟის, იძულების და პროვოკაციული ქმედებების განხორციელების ფაქტები. რაც, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ სასამართლოს დაარწმუნებს აღნიშნული მოწმის არასანდოობაში," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ. 

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილს, მისი ადვოკატის თქმით, ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოროყაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

"საუბარი არის ფოტო და ვიდეო მასალაზე, აუდიო მასალაზე, მიმოწერებზე. საუბარი არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. ამ ქვეყნის ეროვნული სასამართლოს პრაქტიკას ბუნებრივია გვაძლევს და ლოგიკურად გვიქმნის მოლოდინს იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

ობიექტური მიზეზების გამო ისედაც არ შეეძლო, თუმცა ისედაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მისი ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ალბათ უმჯობესია, რომ ის არ დაესწროს სასამართლო პროცესს," - აცხადებს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა თავხელიძე.

დღის ამბები