პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი "კურიერს" უყვება, რომ შემზარავი დანაშაული მოუგონეს და ყოფილმა მეუღლემ არასრულწლოვანი ბავშვი მის წინააღმდეგ გამოიყენა. ბრალდებული სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ მასთან ერთად დარბაზიდან გაათავისუფლა მამამინაცვლის მამაც. 14 წლის გოგონა ორივე მათგანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. დაზარალებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვებოდა, რომ ის წლების განმავლობაში მამინაცვლის ოჯახში გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო.
საქმეში ფიგურირებს მამინაცვლის ვაჟიც, რომელსაც პროკურატურამ ბრალი მხოლოდ იმიტომ ვერ წარუდგინა, რომ დაზარალებულის მსგავსად, ისიც არასრულწლოვანია.
ბრალდებულების ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თამარ აბესაძე ამბობს, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება, მათ შორის არც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლოს ვერდიქტს უსამართლოს უწოდებს დაზარალებული მხარე. ბავშვის დედას მოსამართლის გადაწყვეტილების საჯაროდ შეფასება არ სურს, თუმცა "კურიერის" არქივში ინახება ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად ყვება, თუ როგორ ძალადობდნენ მის არასრუწლოვან გოგონაზე მეუღლის ოჯახში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სადაო გადაწყვეტილების გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში გეგმავს პროკურატურა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ არ გაითვალისწინა ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის ინტერესები.
პირველ ინსტანციაში პროკურატურა ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა. გახმაურებულ საქმეზე მსჯელობა ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.