შეერთებული შტატები ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ რუსეთი აგრესიის შეჩერებით არის დაინტერესებული , - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ენტონი ბლინკენის თქმით შეერთებული შტატები რუსეთთან დიპლომატიის წინსვლისთვის ყველა საშუალებას განიხილავს, თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს დიპლომატიური გზის არჩევა არ სურს.
"როდესაც საქმე ეხება ომის დასრულების დიპლომატიას, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, დაინტერესებულია თუ არა რუსეთი აგრესიის შეჩერებით. ამის ვერავითარ მტკიცებულებას ვერ ვხდეავთ. პირიქით, ვხედავთ, რომ რუსეთი აორმაგებს, ასამმაგებს თავის აგრესიას. აშშ რუსეთთან დიპლომატიის წინსვლისთვის ყველა საშუალებას განიხილავს, თუკი დაინახავს ამის შესაძლებლობა. ამ მომენტში კი მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართვის სურვილი არ ჩანს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს აირჩიოს დიპლომატიური გზა და განაგრძობს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას," - განაცხადა ბლინკენმა.