მომდევნო კვირიდან პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა იწყება. პარლამენტს ისინი ოფიციალურად პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე წარუდგინეს. ”მოქალაქეებმა" სახალხო დამცველის პოსტზე 19-ვე კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს არ აქვთ, ისევე როგორც გახარიას გუნდში.
"გირჩმა" საკუთარი წევრი იაგო ხვიჩია წარადგინა, რომელსაც კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საკუთარ სამ ფავორიტს ასახელებს. ესენია - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. სწორედ ეს კანდიდატები არიან არასამთავრობო სექტორის რჩეულებიც.
საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს მმართველ პარტიას. ამ დრომდე უცნობია, ვის დაუჭერს მხარს საპარალამენტო უმრავლესობა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მიიღებენ. სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ახალი ომბუდსმენის არჩევა გამჭვირვალე პროცედურებით ევროკომისიის ბოლო, მე-12 რეკომენდაციაა.