ფასადური არჩევნები და ევროპული კრიტერიუმების სრული უგულებელყოფა - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.
გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
"გრძელდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როცა ევროპული რეკომენდაცია იყო, რომ სასამართლო რეფორმა უნდა ჩავატაროთ საქართველოში; როცა რეკომენდაცია იყო, რომ იუსტიციის საბჭოში ავირჩიოთ კეთილსინდისიერი მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები საბჭოს წევრებად, ამ დროს იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი კლანის წარმომადგენლებისა და მეთაურების წარმომადგენლობით, მურუსიძეს და გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის," - განმარტავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
შეფასებებში კრიტიკული არიან ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზას აზიანებს. ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში გაძლიერდება და მათივე თქმით, ამ ფორმით ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე გავლენები გაძლიერდება.
"გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი შემოქმედი აქციეს უკვე სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელად, ნაცვლად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გაჯანსაღების და მიუკერძოებლობის, კიდევ ერთხელ აბეტონებ გავლენის ჯგუფებს და ცდილობ მთლიანად გავლენის ჯგუფების ძალაუფლება შეინარჩუნო, ეს ცალსახად კიდევ ერთხელ რისკს უქმნის "ოცნების" მხრიდან იმას, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მიხეილ დაუშვილმა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და ნაკლებად სავარაუდოა მასზე ვინმე გავლენას ახდენდეს.
"რეკომენდაციების შესრულების პროცესს არა მგონია, რომ რამე საფრთხე დაემუქროს იმიტომ, რომ ეს მართლა სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩემს წარმოდგენაში ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც პოზიციას და არც ოპოზიციას, და ისინი იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც შემდეგში ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ რატომ თვლიან, რომ ეს არის კლანი ან არაკლანი, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო დავით სერგეენკო.