დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის განხილვა სრულდება. პროცესი ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
საქმე ეხება "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის ბრალდებას, სადაც გვარამიას პირველმა ინსტანციამ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენატარი გააკეთა ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა.
"ვეტყოდი სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ შეარცხვენენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩაიხედონ გულში, ჩახედონ თავიანთ შვილებს თვალებში და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გაუმარტივებთ ცხოვრებას მომავალში. ნუ იცხოვრებენ დღევანდელი დღით," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღესვე გამოცხადდეს განაჩენი. რაც შეეხება მოლოდინებს, ადვოკატის შეფასებით, საქმე პოლიტიკურ დევნას შეეხება, ამიტომაც, მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში უწევს.
საქმის პროკურორის განცხადებით კი, ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ სასამართლო სრულად გაიზიარებს წარდგენილ მტკიცებულებებს, შეცვლის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში.
პროცესის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერების საპროტესტო აქცია იმართება.