პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ზაგრებში იმყოფება. დღეს შალვა პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში მთავარი სესია ხორვატიის დედაქალაქში ხვალ გაიმართება, რომელზეც შალვა პაპუაშვილი სიტყვითაც გამოვა. დღეს ყირიმის სამიტზე ექსპერტები და ანალიტიკოსები გამოდიან,
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხორვატიაში ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ გააგონონ მსოფლიოს, რომ საქართველო უკრაინის გვერდითაა.
"ჩვენ ევროპული ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ვართ აქ, ხორვატიაში, ზაგრებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გვექნება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები, სადაც განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებსაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განვიხილავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და იმ თემებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამიტზე, რომელში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც შეზღუდულია, ქართული დელეგაცია მიწვეულია, როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა.
"ქართული დელეგაცია მოწვეულია ამ სამიტზე, როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა, რეალურად ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა არის შეზღუდული, ესენი არიან უკლებლივ ევროპული სახელმწიფოები და პლუს ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საქართველო მონაწილეობს. ამ ფორმატს ჩვენ გამოვიყენებთ არა მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ გვექნება ასევე ორმხრივი შეხვედრებიც,"- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უკვე გაკეთდა განცხადებები სამიტის მასპინძელი ქვეყნისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლის აგვისტოში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტმა მოგვცა რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის ღირებული და ძალიან საჭირო მექანიზმი. ამან პლატფორმის მონაწილე ქვეყნებს გაუადვილა ქმედებების კოორდინაცია ყირიმის დროებითი ოკუპაციის შედეგების დასაძლევად. ასევე ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ფორმატი, რათა განვიხილოთ ყირიმის უკრაინის სუვერენიტეტში დაბრუნების ნაბიჯები. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ აგრესორი მხოლოდ ყირიმის ანექსიით არ დაკმაყოფილდა, რომ მისი მადა გაცილებით დიდია და მათი იდეა იყო უკრაინის სხვა ხალხსაც გაეზიარებინა ეს სისასტიკე," - განაცხადა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე გორდან იანდროკოვიჩმა.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"დღევანდელი მაღალი დონის, სიღრმისეული დისკუსიები ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ნაწილია, რომელიც ხვალ არაერთი ქვეყნის პარლემენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით, ქალაქ ზაგრებში გაიმართება. მინდა მადლობა გადავუხადო ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ამ რთულ დროს უკრაინისადმი გამოხატავენ. მსურს მოვუწოდო ექსპერტებს, განაგრძონ ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთება შესაბამისი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების გზით, რაც ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინულ სახელმწიფოსთან რეინტეგრაციის საფუძველი გახდება," - აღნიშნა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა.