15 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
მათ მიმართ ბინძური კამპანია წარმოებს და აგორებულია ერთგვარი შავი პიარი, რისი მტკიცებულება დღემდე წარმოდგენილი არ არის - გივი მიქანაძე

ფასადური არჩევნები და ევროპული კრიტერიუმების სრული უგულებელყოფა - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

"ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ, გუშინ მათი არჩევით, კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა. 12 პუნქტში კი გარკვევით ეწერა, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა. გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოახდინონ დროული რეაგირება," - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.

"დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის და ევროპული პერსპექტივისთვის სილის გაწნაა.

"ამდენი თვის შემდეგ, როდესაც ჩვენ გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში ასევე კლანის გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად," - განაცხადა "დროას" თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, გადაწყვეტილებაში არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული არ ყოფილა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნული გადაწყვეტილებით საკუთარ ძალაუფლებას იგრძელებს

"მოუწია შემდეგმა არჩევნებმა და საკუთარ ძალაუფლებას ისევ იგრძელებენ. არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი ამაში არ ყოფილა, ისედაც ცხადი იყო, რომ ასე მოიქცეოდა „ქართული ოცნება“, უბრალოდ ნაცნობი სახელები და გვარები იქნა დასახელებული ამ შემთხვევაში და ადამიანებისთვის აღძრავს ინტერესს, მაგრამ ცხადია სასამართლოში არაფერი არ შეიცვლება იმიტომ, რომ ეს ხალხი მანამდეც იქ იყო და იმ საქმეს აკეთებდა, რასაც ხვალიდანაც გააკეთებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და ნაკლებად სავარაუდოა მასზე ვინმე გავლენას ახდენდეს.

"რეფორმები ეხება არა სახელებს და გვარებს, რომელიც ვინმეს შეიძლება მოწონს ან არ მოწონს, ან საერთოდ ნეიტრალურად არის განწყობილი, რეფორმები ეხება კანონებს და სისტემას. გამომდინარე აქედან, კანონზე და სისტემაზე არ უმუშავია არც ერთ ამ განცხადების გამკეთებელს არასდროს ამ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ისინი კვლავ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არიან შემოფარგლული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ მურუსიძე-გვრიტიშვილის მიმართ მიზანმიმართული ბინძური კამპანია არის აგორებული.

"ეს ადამიანები, ვინც არჩეულ იქნენ წლებია სასამართლო სისტემაში მუშაობენ და მათ მიმართ ბინძური კამპანია წარმოებს და აგორებული არის ერთგვარი შავი პიარი, რისი მამტკიცებელი და დამახასიათებელი რაიმე მტკიცებულება დღემდე წარმოდგენილი არ არის. ამიტომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც ოპოზიცია ცდილობს კვლავაც ააგოროს და გამოიყენოს, თუმცა თუ კი ისინი ემხრობიან იმ გარემოებას, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გუშინ იყო მიღებული," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები