19 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო გვარამია-დამენია-იაშვილის საქმეზე - ბრალდების და დაცვის მხარის პოზიციები

პროცესზე მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს და საკუთარი პოზიციები სასამართლო კოლეგიის წინაშე დააფიქსირეს, საბოლოოდ კი მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ, ისე რომ განაჩენის გამოცხადების ზუსტი დრო არ დაუსახელებიათ და ამის შესახებ დამატებით მიაწვდიან მხარეებს ინფორმაციას. 

რაც შეეხება განაჩენთან დაკავშირებით მოლოდინებს, განსხვავებულია დაცვისა და ბრალდების მხარეების პოზიციები. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი და მიღებული გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური. 

ბრალდების მხარემ კი ისაუბრა საქმეში არსებულ მყარ მტკიცებულებებზე და მან გამოთქვა მოლოდინი, რომ შეიცვლება პირველი ინსტანციის გამამართლებელი ნაწილი და სამივე ბრალდებულს სააპელაციო სასამართლო დამნაშავედ ცნობს.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან მისი აზრით სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით არ ხდება.

"ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაშინ როდესაც საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით და საქმეში არსებული გარემოებებით. ერთი რაშიც დარწმუნებული ვიყავით აქამდეც და დღესაც არის ის, რომ სააპელაციო სასამართლოსაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში. პროკურატურას სულ რომ შეძლებოდა იმ ფაქტების დადგენა და დადასტურება, რაც მის ვერსიაშია, ეს ქმედებები უბრალოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და მაინც არ უნდა მომხდარიყო პასუხისმგებლობის დაკისრება გვარამიასთვის, ვინაიდან ეს სფერო საერთოდ არ განეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ მათ სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარუდგინა თუ რა არასწორ ინფორმაციას აჟღერებდა დაცვის მხარე.

"ჩვენ რეპლიკაშიც წარმოვადგინეთ როგორ არასწორ ინფორმაციასაც აჟღერებდა დაცვის მხარე და სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თუ რა ტყუილები განაცხადეს და რეალურად რა არის საქმეში წარმოდგენილი, მტკიცებულებების შესაბამისად. დაცვის მხარის პიროვნულ შეფასებებს ბუნებრივია მე არ ვუპასუხებ, დაველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას," - ამბობს გუბელაძე.

 

დღის ამბები