19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
მამაკაცი, რომელსაც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს გამო 5-ჯერ ესროლეს - დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, კვალი კი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მიდის

ამ დრომდე არავინ არის დაკავებული მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს ცენტრში მომხდარ სროლის ფაქტზე, რომლის დროსაც 52 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. არიფ აზიზოვს, რომელმაც სოციალურ ქსელში კრიმინალები ამხილა, ხუთი ტყვიიდან ოთხი მოხვდა.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, კვალი კი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მიდის, რომელიც ქვემო ქართლში ფულის გამოძალვით, მუქარითა და მოსახლეობის დაშინებით არის დაკავებული.

სოფელ ყიზილაჯლოში დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალი ახლაც შესამჩნევია. სწორედ ამ ადგილზე გაუხსნეს ცეცხლი არიფ აზიზოვს. თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა, დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივები დანაშაულის სავარაუდო მოტივზე ღიად საუბრობენ. 

დანაშაულში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კვალს ხედავს აზიზოვების ოჯახიც. დაჭრილი მამაკაცის ძმა "კურიერს" უყვება, რომ არიფ აზიზოვი შავი სამყაროს ადგილობრივ წარმომადგენლებს ღიად დაუპირისპირდა.

ჩანაწერი აზიზოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. მან ადგილობრივებში თანამოაზრეებიც შემოიკრიბა და ღიად დაუპირისპირდა რეკეტისა და ფულის გამოძალვის გახშირებულ ფაქტებს.

სწორედ ამ ვიდეო მიმართვიდან რამდენიმე დღეში არიფ აზიზოვს ყიზილაჯლოში, ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ტყვია ესროლეს. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ გამოძალვის ფაქტების უკან სალიფოვების კლანი და უცხოეთში მყოფი აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი", ნამიკ სალიფოვი დგას. სწორედ ამ დაჯგუფების სახელს უკავშირდება რამდენიმე თვის წინ ოდესის ბილიარდის კლუბში მომხდარი მკვლელობაც. 65 წლის ნაზირ ალიევი, რომელიც ასევე სოფელ ყიზილაჯლოდან იყო, სწორედ სალიფოვების კლანის წარმომადგენელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.

დღის ამბები