"ევროპის გაფართოება არის გარდაუვალი და საჭიროც. ეს მოვისმინეთ დღეს ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში როგორიც საქართველოა.
ამისთვის საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების დასრულება და იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვასრულებთ ამ სამუშაოს"-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან განხილული იყო საქართველოს პროგრესი, ასევე, რეკომენდაციების შესრულების საკითხი და ქვეყნის ევროპული მომავალი.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ასევე, პოზიტიური მოლოდინი. პირდაპირი გზავნილები მოვისმინეთ, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის ევროპული ოჯახის წევრი და იმისათვის, რომ ეს გაფორმდეს საჭიროა ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებმა და იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ქვეყნის მომავალი მართლაც აინტერესებს, გავაკეთოთ საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობაც. ევროპაში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციასაც სჭირდება, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.