15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"სირცხვილი და თავის მოჭრაა ქვეყნის, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, მას ხვდება პრემიერ და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის" - ალეკო ელისაშვილი

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დილიდან კეთდება განცხადებები და შეფასებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც  სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული.

ხელისუფლების ოპონენტების მმართველ გუნდს ქმედებებს უწუნებენ და აცხადებენ, რომ უხერხულია, როდესაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ზურაბიშვილთან შეუთანხმებლად მოხდა. 

ამასთან, კანონმდებლები მმართველ ძალას პრეზიდენტის დამცირებაში ადანაშაულებენ. 

"ეს დამოკიდებულება, რაც ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით გამომჟღავნდა, ეს არის პირდაპირ მცდელობა სხვისი დამცირების. მე, მის ადგილზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ძალიან მკაფიოს გავხდიდი საზოგადოებისთვის, რომ მისი არჩევანი არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. 

მმართველი გუნდის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრისთვის, თუმცა ალექსანდრე რაქვიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები მისთვის აუხსნელი და გაუგებარია.

"ზოგადად პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, თავისი უფლებამოსილებით ჩართული უნდა იყოს საგარეო პოლიტიკაში. ცოტა უცნაური სიტუაციაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წარსულში დაპირისპირებას, როცა კონფლიქტი იყო მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, ეს ქმედება არც ისე მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩემთვის მაინც აუხსნელი. ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, რომ ასეთი განცხადებები არ ყოფილიყო და მთავრობა პრეზიდენტთან თანხმდებოდეს. მინიმუმ უხერხულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართ, რომ შიგნით ვერ გავარკვიეთ ვინ უნდა დახვდეს ან ვინ უნდა ელაპარაკოს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"სირცხვილი და თავის მოჭრაა" - ასე შეაფასა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ხელისუფლების გადაწყვეტილება.

"სირცხვილი და თავის მოჭრაა ქვეყნის, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, პრეზიდენტს ხვდება პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის. რეალურად ეს არის მავნებლობა," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ცნობისთვის: 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვიზიტად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა. ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაურმა პირადად გააცილა.

ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა. 

დღის ამბები