"სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩი მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეებმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს. პარტიის ლიდერების განცხადებით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიეღო.
მათივე თქმით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში 12 პუნქტად გაწერილი რეალური რეფორმების შესასრულებლად "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავენ.
"საქართველოს ჰქონდა ყველა შანს, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ამ შანსის რეალიზება არ მოხდა, იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც გამოიწვია უარყოფითი შედეგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი იმის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, გზას, რომელსაც ქართული ოცნება ადგას, არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ვაშაძე-ჯაფარიძის ბრალდებას მმართველ გუნდში უპასუხეს, სადაც თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ოპოზიცია თავად აზიანებს.
"ეს არის ხალხი, რომელიც ჩადის მართლა, უხსნიან ადამიანებს, რომ თითქოს არაფერი არ კეთდება და თვითონ, რატომღაც მერე რაღაც ტექნიკური გაუმართაობებით ხსნიან იმას, რომ მე-11 პუნქტის შესრულება რომ ხდებოდა, არც ერთი მოსმენით მხარი არ დაუჭერია მე-11 პუნქტის შესასრულებლად მისაღებ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ბატონ ვაშაძეს სწორედ. აქედან გამომდინარე, ვიდრე ამაზე საუბარს დაიწყებენ, საკუთარ პასუხისმგებლობაზეც იფიქრონ, რა გაუკეთებიათ ამ მიმართულებით და აღმოაჩენენ, რომ გაკეთებული აქვთ ნული. რაც შეეხება გაკეთებულ საქმეებს, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას ექნება შესაძლებლობა, კონკრეტული გაკეთებული საქმეები და კონკრეტული გადაწყვეტილებები იხილონ, როგორც უშუალოდ შესრულება თითოეული იმ პუნქტისა, ზედმიწევნით შესრულება, რომელიც არის განსაზღვრული როგორც წინაპირობა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპეიზაციის მიმართულებით," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.