პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით მოულოდნელი და გაუგებარი აღმოჩნდა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილისთვის. რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე აპელირება არარელევანტური და შეუსაბამოა იმ ამოცანებთან, რაც ორ ქვეყანას გააჩნია.
"ამ განცხადებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩემთვის იყო გაუგებარი. შეხვდნენ ორი ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც ისაუბრეს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რაც წარმატებით უნდა აისახოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრის კონკრეტულ შედეგებს და წარმატებას ვუზიარებდეთ ერთმანეთს, მსგავს საკითხებზე აპელირება არარელევანტური და შეუსაბამოა იმ ამოცანებთან, რაც ორ ქვეყანას გააჩნია. საქართველოში აზერბაიჯანის კოლეგა არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ ორმა ლიდერმა ისაუბრა ამ საკითხებზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზეც შეთანხმდნენ," - აცხადებს რატი იონათამაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი ძალის ეს ქმედება ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და უხერხულია მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთან.
ცნობისთვის: 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვიზიტად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა
ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა.