აზერბაიჯანის ლიდერის თბილისში ვიზიტი, საქართველოს ახალ ფუნქციურ სტატუსს ანიჭებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ილჰამ ალიევის სტუმრობა, საქართველო აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების ცხადი დადასტურებაა უმრავლესობა შეხვედრის იმ პოლიტიკურ საკითხებზეც აკეთებს აქცენტს, რომელიც მსოფლიო და რეგიონალურ უსაფრთხოებას, გამოწვევებს და სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაში საქართველოს როგორც მედიატორის როლს ეხება.
ოპოზიციაში კი ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს საკუთარ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტის შემდეგ კონკრეტულ შედეგებს არ ელოდებიან.
ოპოზიცია ვერ ხედავს პერსპექტივას, რადგან ისინი მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობენ - ასე პასუხობენ ოპონენტებს მმართველი გუნდის წევრები. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტი, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.
ახალ ინვესტიციებზე და ორმხრივად განსახორციელებელ პროექტებზე ვიზიტის დროს თავად ილჰამ ალიევმა ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენერგომატარებლებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. ბოლო 9 თვის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს გასცდა. 2027 წლისთვის კი აზერბაიჯანი 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტს გეგმავს, ეს კი ილჰამ ალიევის შეფასებით თბილისი - ბაქო- ჯეიჰანის მილსადენის ექსპორტს გაზრდის. გარდა ამისა, იგეგმება ბაქო თბილისი სუფსას ტერმინალის სრულად ათვისებაც. პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. დაგეგმილია ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზის დატვირთვაც. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ევროპისკენ ტვირთების გაზრდილ მოცულობას გაიტანს. მუშავდება ამ მიმართულებით ახალი მარშრუტებიც.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით გუშინ იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევს შატო-მუხრანში უმასპინძლა. სწორედ აქ გაიმართა პირისპირ შეხვედრა და გაკეთდა ერთობლივი განცხადებები მედიისთვის. ვიზიტს დღეს სოციალური ქსელითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საერთო მიზანია რეგიონში მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.