სახელისუფლებო გუნდი საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პარალელურად გაავრცელა. ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია შეახსენა და განმარტა, რომ სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, მაღალი რანგში სტუმრებთან ოფიციალურ შეხვედრებს როგორც ქვეყნის პირველი პირი - პრემიერი მართავს, სალომე ზურაბიშვილს კი მხოლოდ ფორმალური ფუნქციები გააჩნია. შესაბამისად, მათი თქმით, პრეზიდენტის არაინფორმირებულობა დარღვევა არ ყოფილა.
ილჰამ ალიევის ვიზიტში სალომე ზურაბიშვილის არმონაწილეობა პრეზიდენტის ინსტიტუციის დაკნინების მცდელობად აღიქვამს ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტმა მმართველ პარტიასა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის საგარეო ურთიერთობის კუთხით არსებული განსხვავებული შეხედულებები კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი იმ როლზე საუბრობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, მათი თქმით, საგარეო კუთხით კონსტიტუციით გააჩნია. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ამ ვიზიტში ზურაბიშვილის მონაწილეობა აუცილებელი იყო.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, კანონი არ დარღვეულა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობას არ აქვს იმის ვალდებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია ყველა ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ მიაწოდოს მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, საგარეო პოლიტიკას საქართველოს არა ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა წარმართავს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ იმყოფებოდა, მას პრემიერ მინისტრმა უმასპინძლა. ვიზიტში არ მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, რასაც თავად ზურაბიშვილი შეხვედრების პარალელურად ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მზაობა გამოთქვა, სამომავლოდ თავადაც უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.