15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
მთავარია, არა რაღაცა შექმნა, არამედ შექმნა ისეთი, რომელიც რეალურად იქნება დამოუკიდებელი - რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე

ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება. ბიურო ხელს შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ამ ინიციატივას, ოპოზიციაში შეფასებები უკვე მოჰყვა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, შალვა კერესელიძის შეფასებით, მათი მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტს არ ემთხვევა. მისივე თქმით, თუ არსებული სახით დარჩება წარმოდგენილი კანონპროექტი, მათი მხარდაჭერა არ ექნება, ამიტომაც, კერესელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილებების შეტანა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" რომან გოცირიძის განცხადებით, მათ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაქსიმალურ უზრუნველყოფს აღნიშნული უწყების დამოუკიდებლობას. ამასთან, გოცირიძის შეფასებით, მნიშნველოვანია შეიქმნას ქმედითი და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას ამ უწყებისა. ის იქნება პარლამენტში მაღალი კვორუმით დანიშნული. ის რომ ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნას და მხოლოდ სათაურში ეწეროს ეს შინაარსი, ამას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებად არავინ არ ჩაგვითვლის, ვინაიდან აქ მთავარია, არა რაღაცა შექმნა, არამედ შექმნა ისეთი, რომელიც რეალურად იქნება დამოუკიდებელი და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა ორგანიზაციური რგოლებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული​ საბჭოს წინაშე. დღეს უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დააინიცირა, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ მიმართულებაზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა. ჯგუფში შედიოდნენ უმრავლესობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიუროს კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეარჩევს და პრემიერს წარუდგენს.

დღის ამბები