"მოქალაქეების" ლიდერის, ლევან იოსლიანის განცხადებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ამაზე ოპოზიცია მანამდე საუბრობდა.
"მას შემდეგ, რაც გავეცნობი პაკეტს, რომელიც ჯერ არ მინახავს, ვინაიდან მე არ ვარ ამ სამუშაო ჯგუფის წევრი, მერე გადავწყვეტ, როგორი პოზიცია გვექნება ამ კონკრეტული ინიციატივის მიმართ. ზოგადად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, ეს არ არის მარტო ხელისუფლების ინიციატივა, ამაზე დიდი ხანია ოპოზიციაც საუბრობს, რომ ასეთი ბიუროს შექმნა არის აუცილებელი, ოღონდ, რა ფორმით შეიქმნება, რა ფუნქციები ექნება და რეალურად ექნება თუ არა ის ფუნქცია, რომ განახორციელოს ზედამხედველობა საგამოძიებო უწყებებზე და რეალურად შეცვალოს რაიმე სასიკეთოდ, ამას ვნახავ მას შემდეგ, რაც მექნება დოკუმენტი, სადაც წერია კანონპროექტი.
მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში არ არის გამოსავალი, რადგან ვხედავთ, რომ მაღალი კვორუმით არჩევას შემდგომ როგორი გადაწყვეტილებები მოყვება ხოლმე, როდესაც არის ამ კვორუმის დაყვანა უბრალო უმრავლესობამდე და საბოლოო ჯამში უარეს მდგომარეობას ვიღებთ, როგორიც მივიღეთ, მაგალითად, ცესკოს შემთხვევაში 6-თვიანი მოვალეობის შემსრულებელი გვყავს მაგრამ 6 თვით ფაქტიურად ვირჩევთ მის ხელმძღვანელს და რომელსაც მივიღებთ, ჩემდა სამწუხაროდ, პროკურატურის შემთხვევაში, როცა ერთწლიანი პროკურორი გვეყოლება 2026 წლიდან. ამიტომ ეს არ არის ყოველთვის გამოსავალი, ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ამ პროცესში ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც ექნება გამაწონასწორებელი ფუნქცია ამ რგოლში. ამაზე უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს მას შემდეგ, რაც კანონპროექტს გავეცნობი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატებიდან დანიშნავს. ოპოზიციის მოთხოვნა კი არის, რომ ხელმძღვანელი პარლამენტმა მაღალი კვორუმით უნდა დანიშნოს, რათა ის იყოს დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ ანგარიშვალდებული არ იყოს.