15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - დეპუტატების კითხვებს თინათინ ერქვანია პასუხობს

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს თინათინ ერქვანია. კანდიდატს ჰკითხეს თუ რას ნიშნავს მიუკერძოებლობა, ამასთან მიიჩნევს თუ არა ის პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილს. არამკაფიო პასუხის შემდეგ უმრავლესობის წევრები დაინტერესდნენ როგორ აფასებს ომბუდსმენობის მსურველი გირგვლიანის და სხვა გახმაურებულ საქმეებს.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი ერქვანია პასუხობს, რომ მას კითხვის ნიშნები უჩნდება. მისი თქმით, "პოლიტპატიმარი არის თუ არა ექსპრეზიდენტი - ძალიან რთული სათქმელია".

თინათინ ერქვანიამ ასევე განაცხადა, რომ ელჩების დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით მთავრობის პროტესტი მისი აზრით ლეგიტიმურია.

"საგარეო დონეზე რეპრეზენტირებას რაც შეეხება, ელჩების დანიშვნის კონტექსტში, წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში გადამწყვეტ როლს ყოველთვის ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ვერ გადაწყვეტს ვინ იყოს ელჩი და ვინ არა, მას მხოლოდ სამართლებლივი არგუმენტირებებით შეუძლია ამაზე უარი თქვას, ამ შემთხვევაში მთავრობის პროტესტი სრულიად ლეგიტიმური მგონია," - განაცხადა ერქვანიამ. 

ომბუდსმენობის კანდიდატის თქმით, მისი აზრით დავით კეზერაშვილი ოლიგარქია.

"რაც შეეხება უშუალოდ მეცენატს და ახლა ვხვდები ვისზეც მეკითხებით, თვითონ ევროპული კავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. მსჯელობებში იურისტებთან, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებში. საქართველოში ამ ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ. მაგალითად, აი ბატონი დავით კეზერაშვილი რომ ავიღოთ, მე მგონია რომ რაღაც დოზით ამ კრიტერიუმს შეიძლება აკმაყოფილებდეს, იმიტომ რომ არსებობს ქეისები," - ამბობს ერქვანია.

თინათინ ერქვანიამ ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქობის არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ის ბიძინა ივანიშვილში ოლიგარქს ვერ ხედავს.

დღის ამბები