რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ - ომბუდსმენობის კანდიდატების ნაწილისთვის საკუთარი აკადემიური ბიოგრაფის და ხედვის წარსადგენად რეგლამენტით განსაზღვრული დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანის უფლებების დაცვაზე ზოგმა ბევრი ილაპარაკა, ზოგმა ნაკლები. კანდიდატებზე უფრო მეტი კი დარბაზში მსხდომებმა მას შემდეგ გაიგეს, როდესაც კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, თუმცა მხოლოდ დეპუტატების მონაწილეობით. არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელ გასაუბრებებს არც დასწრებიან.
სხდომას, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ, კამათის გარეშე არ ჩაუვლია. პირველი შელაპარაკება კომიტეტის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს შორის, არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მოჰყვა.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციისგან კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს სიმბოლური საჩუქარიც მიიღო. ეს მას შემდეგ, რაც მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატებისთვის რეგლამენტის შეხსენება რამდენჯერმე დასჭირდა, მისი მხრიდან გამოხატვის კონკრეტული ფორმა კი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
დეპუტატებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა მეორე კანდიდატის, სოფიო დემეტრაშვილის მოსმენამ, თუმცა კამათი მოჰყვა მისი მისამართით დასმულ კითხვებს.
გასაუბრებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უკვე მეორე დღეა გრძელდება. მიმდინარე კვირაში დეპუტატებმა კიდევ 12 კანდიდატს უნდა მოუსმინონ.