დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მოლაპარაკების გზით - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია.
"საერთოდ დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მოლაპარაკების გზით, მაგრამ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია. ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ომი მიმდინარეობს, მე ვფიქრობ ეს ცოტა პროვოკაციურადაც იყო შემოტანილი. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ. დეოკუპაცია უნდა მოხდეს მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით. ზოგიერთი უკრაინელის ასეთი განცხადება აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, როდესაც ასეთი უბედურება ხდება იმ ქვეყანაში, მაგრამ იყო ძალიან საეჭვო წყაროების მხრიდან შემოტანილი ის თემა, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები ძალით უნდა დავიბრუნოთ, რადგან ახლა არის ამის დრო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული წყაროებიდან იყო გავრცელებული," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.