რა შეფასება მოჰყვა ოპოზიციაში "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას და როგორია მმართველი პარტიის ოპონენტების გეგმა - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის შეფასებით, ბადრი ჯაფარიძის პოზიცია გარკვეულწილად გასაგებია, რადგან სურს საკუთარი პარტიის იდენტობა შეინარჩუნოს და არ იყოს ისეთი დიდი პარტიის ჩრდილქვეშ, როგორც ენმ-ა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად აღებულმა. ბუნებრივია, რომ მათ საკუთარი იდენტობის შენარჩუნება უნდათ და არ უნდათ იყვნენ ძალიან დიდი პარტიის ჩრდილქვეშ. აბსოლუტურად ნორმალური და გასაგები ლოგიკაა. გაერთიანება უნდა აძლიერებდეს და არ უნდა ასუსტებდეს, გააჩნია როგორ ერთიანდები. ერთ ქვაბში ჩაყრა ყველა პარტიისა, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ოპოზიციას, ეს არ არის სერიოზული," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დროს განაცხადა, რომ - "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ძალიან დიდი შეცდომა იქნება". მისი თქმით, ერთადერთი რაც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მათი გაერთიანება არ მომხდარა და ეს რეალურად კოალიციური მთავრობის მოდელი იყო.