ნოემბერში სამარყანდში გაიმართება კონფერენცია, რომელზეც ტრანსკასპიური შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე იმსჯელებენ - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მდგრადი კავშირის კონფერენცია სამარყანდში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
"ამ კონფერენციაზე განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი. ევროკავშირი წარადგენს ორ ინიციატივას, რომლებიც ეხება სასმელ წყალს, ენერგიას, კლიმატის ცვლილებებს და ციფრულ კავშირს," – განაცხადა შარლ მიშელმა.
მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს ყაზახეთთან, რათა ტრანსკასპიური შუა დერეფნის გაუმჯობესება მოხდეს.
"ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. გვაქვს ინფორმაცია ყაზახეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლა მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მეზობელ სახელმწიფოებთან, რათა მეტი საერთო პროექტის განვითარება მოხდეს. ჩვენ საერთო ინტერესშია, რომ ეს ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ევროკავშირისთვის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და ყაზახეთს შეუძლია, იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი," - განაცხადა შარლ მიშელმა.
ტრანსკასპიური შუა დერეფანი გაივლის ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროპის ქვეყნებს.