პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია რა საკითხის ირგვლივაც არ უნდა გაერთიანდეს, რადიკალები ვერ შეძლებენ საზოგადოების მათ ირგვლივ გაერთიანებას.
ამასთან, ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ ახსენა ელენე ხოშტარიას შემოსავლები და განაცხადა, რომ ხოშტარია ოკუპანტებისგან ჰონორარს იღებს.
"ეს ადამიანები დღეს უკვე აცხადებენ, რომ შეცდომა იყო გაერთიანება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ერთად რესურსი არ ჰქონდათ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზების და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ ჰყავთ ლიდერი, მათსა და ხალხს შორის ჩატეხილია ხიდი.
შესაბამისად მათ ახალი არაფერი არ აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის აღიარებითი ჩვენებები იმ ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელსაც ისინი ამბობდნენ. ხოშტარიასთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისი ოჯახი ოკუპანტებისაგან იღებს ფულს. როგორც ჩანს ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რომ საერთო ჰონორარები მიიღონ ოკუპანტებისგან, რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ ისინი, მთავარი ისინი ვერ გააერთიანებენ მათ გარშემო ჩვენს ხალხს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.