საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება - რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტთან. მათ მოუწევთ ინტერპელაციის წესით, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში ყოველთვიურად მისვლა. მინისტრის საათის ფარგლებში კი მთავრობის წევრი ვალდებული ხდება, პარლამენტში გამოსვლამდე მოხსენება წერილობითი ფორმით 5 დღით ადრე გადაგზავნოს. არის სხვა სიახლეებიც. ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობოები შედიოდნენ.
პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ცვლილება უფრო მეტად ქმნის ევროკავშირის დავალების შესრულების იმიტაციას, ვიდრე რეალურად ასრულებს მას.
"ფორმალურად რაღაც ნაწილობრივ ეხმიანება იმას, დიდ არსებით სიკეთეებს არ შეიცავს, მაგრამ არც აუარესებს მდგომარეობას და აქედან გამომდინარე რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ მაქვს ამ კანონპროექტის მიმართ, თუმცა ვიმეორებ, ევროკავშირის დავალების შესრულების უფრო ფორმალურ იმიტაციას ქმნის ვიდრე არსებითად მიმართული იყოს ამ დავალების შესრულებაზე," - განაცხადა შავგულიძემ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ თავად ცვლილება კარგია, მაგრამ მთავარია როგორი იქნება მისი პოლიტიკური შინაარსი და აღსრულება.
"ბუნებრივია ეს კარგი ცვლილებაა, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური შინაარსი როგორი ექნება, როგორ განვითარდება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი კარგი მუხლები ვნახეთ სხვადასხვა კანონებში, რომლებიც არ აღსრულებულა, ან პოლიტიკური შინაარსისგან გამოცლილია. ამიტომ ერთია მიღება და მეორე თუ როგორ დავამკვიდრებთ პრაქტიკას ამ ნორმების აღსრულების," - ამბობს ბეჟაშვილი.