15 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა - რა არის ოპოზიციისთვის მიუღებელი და რატომ არის საკითხი კვლავ დავის მიზეზი

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა, პარლამენტში ისევ დავის მიზეზია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რადგან ეს რგოლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. 

"მსგავსი მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ქართული ოცნების" მიერ დესტრუქციას. ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს შექმნა და დირექტორის დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიცია ასევე თვლის, რომ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ცვლილებები რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში მომზადდა.

"ოპოზიციის წარმომადგენლების მიზანი ის კი არ არის, რომ გაძლიერდეს ანტიკორუფციული საქმიანობა, არამედ მათი ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ისეთი ადამიანი იყოს არჩეული, ვინც მათთან იქნება პერსონალურად ანგარიშვალდებული,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს პროკურორს:

"ყველა ევროპულ ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს პროკურორს. ჩვენთან ეს პრინციპი ხშირ შემთხვევაში გატანილია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ამიტომ ვამბობთ, რომ ყველაფერი აწყობილია მხოლოდ პროპაგანდაზე და არ არის არანაირი რეალური ხედვა და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება,"- აღნიშნავს  ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები