საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმებს აძლიერებს. შესაბამის კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
რეგლამენტის ცვლილება ზრდის პარლამენტში მთავრობის წევრების მისვლის სიხშირეს და ამცირებს სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის ვადებს. იკრძალება ერთ დღეში ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა. მთავრობის წევრი კი ვალდებული ხდება გამოსვლამდე პარლამენტს მოხსენება წერილობით 5 დღით ადრე წარუდგინოს. ახლებურად რეგულირდება ცალკეული ნორმებიც.
საკანონმდებლო ცვლილებები ევროკომისიის მეორე რეკომენდაციის შესასრულებლად მომზადდა. მასზე შესაბამისმა ჯგუფმა იმუშავა - უმრავლესობის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით. ხელისუფლების ოპონენტებს ცვლილებები მოსწონთ, თუმცა პრობლემას მის აღსრულებაში ხედავენ.
საპარლამენტო კონტროლის გამკაცრებისთვის ცვლილებები არასაკმარისად მიაჩნიათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც სამუშაო ჯგუფში არ შესულან. მხარდაჭერას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ კანონპროექტი კონკრეტული რეკომენდაციის ფორმალური შესრულებაა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც კანონის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია, არ აქვს უფლება ინიციატივაზე პრეტენზია ჰქონდეს. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების შენიშვნებს პოპულისტურს უწოდებენ.
რეგლამენტში ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტს მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.