15 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
რატომ უწუნებს "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ ძალას ანტიკორუფციულ პროექტს და რას პასუხობს ოპონენტებს "ქართული ოცნება"

"ნაციონალური მოძრაობა" მმართველი ძალის მიერ 2 დღის წინ წარდგენილ პროექტს იწუნებს და ალტერნატიულ ვერსიაზე საუბრობს - პარტიაში მიაჩნიათ, რომ მარტო ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება გამოწვევას ვერ პასუხობს, ხატია დეკანოიძის განმარტებით, საჭიროა ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციების დამატებაც. მმართველი პარტიის პროექტმა კრიტიკა ხელმძღვანელის დანიშვნის წესის გამოც დაიმსახურა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ზუსტად პასუხობს 12 რეკომენდაციის მეოთხე პუნქტს, რაც ანტიკორუფციულ მიმართულებას ეხება.

კანონპროექტის ავტორი პრობლემას ვერც ხელმძღვანელი პირის პრემიერ-მინისტრის მხრიდან დანიშვნაში ხედავს, რადგან მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ ღია კონკურსი უძღვის, რომელიც კომისიაშიც ჩართული იქნება, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ისე არასამთავრობო სექტორი.

მმართველი პარტიის კანონპროექტმა ოპოზიციის მეორე ნაწილის კრიტიკაც ფუნქციებისა და ხელმძღვანელი პირის დანიშვნის გამო დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ცვლილებები ამ ფორმით დარჩება, მაშინ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი უწყება, რომლის მოვალეობაც სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, ხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროს , მათი თქმით, მაკოორდინირებელი ფუნქცია ექნება.

"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბიუროს ორშაბათს წარედგინება, რის შემდეგაც საკითხის განსახილველად კომიტეტს გადაეცემა.

დღის ამბები