საკანონმდებლო ორგანო "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის განხილვას იწყებს. საკითხი იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით გავა. პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება - მხოლოდ ერთი განსხვავებით, ოლიგარქს უკრაინაში პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოში კი პარლამენტი დაადგენს. ოლიგარქად კი მიიჩნევა ის, ვისაც აქვს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთ პირებს შეეზღუდება, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა და პრივატიზაციის პროცესში ობიექტების შესყიდვა.
"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, კრიტიკული შეფასება მოჰყვა.