პოლიტიკური ფინანსები საქართველოში: დაფინანსების წყაროები, რუსული გავლენები, ფინანსებზე ზედამხედველობა და გამჭვირვალობა - ამ თემაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დისკუსია გამართა. დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში გამოწვევები არსებობს. მათივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" რუსული წყაროებით სავარაუდო დაფინანსებაზე არსებობდა დოკუმენტები, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა ირმა ინაშვილმა, რომელიც წერს, რომ პარტიის რუსული დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს და არც იარსებებს.
დისკუსიის შესახებ შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
"მსგავსი ბრალდებები არის უპასუხისმგებლო და უარგუმენტო. ის რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე, ნებისმიერი პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა და პროგრესი. ამიტომ გარკვეული ოდიოზური თემების ძებნა არის მხოლოდ და მხოლოდ ის წყენა, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია, ვინაიდან მათი ამომრჩეველი უფრო მეტად ვიწროვდება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.